რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2024 წელს 9.4 %-ით განსაზღვრა. ეკონომიკური პროგნოზი პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ევროკომისიის ეს დასკვნა აჩვენებს, რომ შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენა მოახდინა. განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში, სადაც შედეგს პოზიტიურად აფასებენ. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების. ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორები კერძო და სახელმწიფო მოხმარებაა, ამავე პერიოდში კი მნიშვნელოვნად გაიზარდა ინვესტიციებიც. ევროკომისიის გათვლებით, მომდევნო ორი წელი ეკონომიკური ზრდა შენელდება, თუმცა საკმაოდ მაღალ 5-6%-ის ფარგლებში დარჩება. ნავარაუდებია ინვესტიციების ზრდაც. ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის დასაწყისში, ბიზნესის ნდობის დონე, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, მკვეთრად დაეცა. ასევე, რეგიონში არსებული დაძაბულობა, შესაძლოა ბიზნესის და მომხმარებლის განწყობებზე უარყოფითად აისახოს. ევროკომისიის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ეკონომიკური გაფართოების მხარდაჭერით უმუშევრობის დონე შემცირდა და დასაქმების მაჩვენებელი 2024 წელს 2.5 %-ით გაიზარდა.