ევროკომისიის ანგარიში
პოზიტიური ან ნაწილობრივ პოზიტიური შეფასებები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების უმრავლესობაზე, გამონაკლისია საქართველო.
რამდენიმე საათის წინ ევროკომისიამ გაფართოების ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ჩვენს ქვეყანაზე მომზადებულ დასკვნაში, ეკონომიკური მიმართულების გარდა, ავტორები პროგრესს პრაქტიკულად ვერცერთ სფეროში ვერ ხედავენ. პირიქით, საუბარია განგრძობით დემოკრატიულ უკუსვლაზე და რეპრესიებზე. მთავარი გზავნილია, რომ საქართველო ევროკომისიის ცხრა პუნქტიან რეკომენდაციებს არ ასრულებს და კანდიდატობას ფორმალურად ინარჩუნებს. ანგარიშში იკითხება მოთხოვნებიც – მართლმსაჯულების რეფორმირება, იუსტიციის საბჭოს და სასამართლოების თავმჯდომარეების შესარჩევად კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის, ანუ ე.წ. ვეტინგის დანერგვა, პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა და დემონსტრანტების და პოლიტიკოსების გათავისუფლება. ანგარიშში საუბარია რეპრესიულ კანონებზე, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვაზე, უკანონო დაკავებებზე. ნეგატიურადაა შეფასებული პარტიების აკრძალვის გეგმაც. ევროკომისიის დასკვნაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისკენ გზას ძირს უთხრის, დემოკრატიულ პრინციპებს თავს ესხმის და სახელმწიფოს მიტაცებას განაგრძობს. მკაცრ ჩანაწერებზე არანაკლებ მკაცრი იყო დღეს ევროკავშირის ელჩის ტონი. მოცულობითი დოკუმენტი ცოტა ხნის წინ პაველ ჰერჩინსკიმ უკვე გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს.