ევროკომისიის ვებგვერდზე ევროპული ეკონომიკური პროგნოზი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი.
ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4%-ით. ზრდის მთავარი ფაქტორები იყო კერძო და სახელმწიფო მოხმარება. ანგარიშის მიხედვით, ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინვესტიციებიც. ევროკომიის გათვლებით, მოსალოდნელია, რომ 2025 და 2026 წლებში ზრდა შენელდება, თუმცა დარჩება მყარ მაჩვენებელზე, 5-6%-ის ფარგლებში.
„ამ პროგნოზს ახლავს განსაკუთრებულად მაღალი გაურკვევლობა ქვეყნის შიდა პოლიტიკური მოვლენებისა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის განვითარების მიმართულების თვალსაზრისით, რაც შესაძლოა, უარყოფითად აისახოს როგორც ბიზნესის, ისე მომხმარებელთა განწყობებზე“, – ნათქვამია ანგარიშში. ევროკომისიის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ, ეკონომიკური გაფართოების მხარდაჭერით, უმუშევრობის დონე შემცირდა, ანგარიშის თანახმად, დასაქმების მაჩვენებელი 2024 წელს გაიზარდა 2.5 %-ით, თუმცა კვლავაც შედარებით დაბალ დონეზე დარჩა.