ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში

როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებს – შესაბამის დოკუმენტს ბრიუსელში, საგარეო კომიტეტი ხვალ განიხილავს.

ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში, შესწორებები გაჩნდა. შესწორებების ავტორებს შორის ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, რასა იუკნევიჩიენე და იაცეკ სარიუშ ვოლსკი არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ კომისიამ უნდა მიიღოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, როგორც კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობა. შესწორების ავტორები კვლავ ითხოვენ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. შესწორებების ავტორები ასევე მიიჩნევენ, რომ ანგარიშში უნდა იყოს ჩანაწერი მედია მენეჯერებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც, მათივე პოზიციით მიმდინარეობს სამართლებრივი ზეწოლა. ასევე მათი აზრით, ანგარიშში უნდა იყოს ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს. ანა ფოტიგა კი ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილის ექსკლუზიურ გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ითხოვს მასზე სანქციების დაწესებას.