ევროკავშირის სავიზო პოლიტიკა – შეფასებები თბილისში 

21:29, 08.06.2026

ემუქრება თუ არა საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება – თემა 11 ივნისს ჩანიშნულმა შეხვედრამ გაააქტიურა. ხუთშაბათს ბრიუსელში ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა ჩანიშნული, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა უწყების და ევროკომისიის წარმომადგენლები დაესწრებიან. განხილვის თემა იქნება, თუ რამდენად აკმაყოფილებს ქვეყანა 2017 წელს მიღებული ვიზა-ლიბერალიზაციის კრიტერიუმებს. მარტში ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელების მიმართ ერთი წლით სავიზო რეჟიმი აამოქმედა. სწორედ ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ფარგლებში იგეგმება სამ დღეში შეხვედრა. დღეს ევროკომისიის პრეს-სპიკერმა განმარტება გააკეთა და თქვა, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების მოქმედების დროს ევროკომისია მითითებულ მესამე ქვეყანასთან გაფართოებულ დიალოგს მართავს შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორების მიზნით. თბილისში არაერთგვაროვანი შეფასებები და მოლოდინია. მმართველი გუნდის პოზიციაა, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, თუმცა ევროკავშირი ქვეყანას პოლიტიკურ წინაპირობებს უყენებს და სუვერენიტეტის შეზღუდვის მიზნით უვიზო რეჟიმს პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს.

მსგავსი