ევროკავშირის სამიტი

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იმართება. ორდღიან შეხვედრაზე ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ უზრუნველყონ უკრაინის დაფინანსება 2026-2027 წლებში, მათ შორის სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებებისთვის. ასევე იმსჯელებენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე და მშვიდობის მიღწევის დიპლომატიურ ძალისხმევაზე. სამიტში მონაწილეობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. სამიტზე განიხილავენ ევროკავშირის გაფართოებას. ევროკავშირის ლიდერები ასევე იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ უნდა დაიცვას ევროკავშირმა თავი გარე ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლისგან, ასევე იმაზე, როგორ გაზარდონ კონკურენტუნარიანობა. დღის წესრიგში ასევე შედის: საბიუჯეტო საკითხი, ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია, ევროპული თავდაცვა და მიგრაცია. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამიტის დაწყებამდე განაცხადა, ევროკავშირის ლიდერები არ დატოვებენ ევროპული საბჭოს დღევანდელ სხდომას, ვიდრე უკრაინის მომავალი ორი წლის დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისთვის სავსებით გასაგებია ბელგიის შეშფოთება და წუხილი რეპარაციულ სესხთან დაკავშირებით და ის მხარს უჭერს რისკების გაზიარების მექანიზმს.