საქართველოს საკითხი ლუქსემბურგში.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო ამჯერადაც გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ევროპის ქვეყნების პირველი დიპლომატების მხრიდან საკმაოდ მწვავედ შეფასდა, თუმცა საერთოდ არ უხსენებიათ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული ძალადობრივი მოვლენები. ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული პროცესების, დაკავებების და რეზონანსული კანონპროექტების გარდა ევროპელი დიპლომატები ხელისუფლებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებზე პერსონალურ თავდასხმებშიც ადანაშაულებენ. თუმცა საპასუხო კონკრეტულ ზომაზე შეთანხმება ისევ ვერ მოხერხდა. განხილვის საგანი იყო საქართველოს მიმართ რამდენიმე ზომის გამოყენება, მაგრამ არასრული მხარდაჭერის გამო საბჭო ვერცერთ მათგანზე ვერ შეჯერდა. შეთანხმების ვერ მიღწევის მიუხედავად, ისევ გაისმა გამაფრთხილებელი გზავნილი – როგორც ჩანს, მაგიდაზე დევს არა ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ვარიანტი, არამედ განიხილება უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა მხოლოდ კონკრეტული სეგმენტისთვის. დღევანდელი შეხვედრის გარდა ლუქსემბურგი კიდევ ერთ სამიტს – საკავშირებადობის და რეგიონთაშორისი უსაფრთხოების სამიტს მასპინძლობს შავი ზღვის და ცენტრალური აზიის ქვეყნების მონაწილეობით, თუმცა საქართველოს გარეშე.