ევროკავშირის საბჭოს განცხადება - შეფასებები

პოლიტიკური სპექტრი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგების შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს. ლუქსემბურგში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „დისკუსიამ დაადასტურა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბევრ საკვანძო რეფორმაში და ხაზი გაუსვა, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები არის მნიშვნელოვანი ელემენტები თითოეული ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის“.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ილია დარჩიაშვილის არაფორმალური მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, დემოკრატიის განმტკიცების საჭიროებაზე. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი დაესწრო შეხვედრას ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა. ასევე ილია დარჩიაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მედეგობის ძალისხმევას გამოწვევებით აღსავსე რეგიონული უსაფრთხოების სიტუაციაში, – ამის შესახებ უკვე ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა. „შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა განვიხილოთ რეფორმების პროცესის მიმდინარეობა, კერძოდ 12 პრიორიტეტის იმპლემენტაცია“, – წერს ვარჰეი „ტვიტერზე“.