შიდა პოლიტიკურ დაძაბულობასთან ერთად მზარდი საერთაშორისო ზეწოლა – ვნებათაღელვა არ ცხრება იმ განცხადების გარშემო, რომელიც ამჯერად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ევროპის 17 ქვეყნის პირველი დიპლომატების სახელით გავრცელდა. „პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, ოპოზიციის ჩახშობა, დემოკრატიის ჩამოშლა, პოლიტიკური რეპრესიები“ – ასეთი მძიმე ფორმულირებებია გამოყენებული წერილის ავტორების მხრიდან საქართველოში არსებული ვითარების შესაფასებლად. პირდაპირი მოწოდებაა, რომ დაკავებული პოლიტიკოსები გათავისუფლდნენ, ბოლო თვეებში მიღებული კანონები გაუქმდეს და გამოსავლის მოსაძებნად ეროვნული დიალოგი დაიწყოს. არანაკლებ მწვავეა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს პასუხი, სადაც განცხადებას დეზინფორმაციით სავსე წერილად აცხადებენ და მის მიღმა ე.წ. დიფ სთეითის კვალს ხედავენ. ხელისუფლებისთვის 17 ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი მიმართვა კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლების შეცვლის მცდელობები გარედან არის მხარდაჭერილი. რეზონანსი მოჰყვა ერთობლივი წერილის იმ ნაწილსაც, რომელშიც მოწოდებების არ შესრულების შემთხვევაში პირდაპირი გაფრთხილება იკითხება.