საქართველოში არსებული ვითარება საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია ევროკავშირის სამიტზე განიხილება.
ევროპელი ლიდერების წინასწარი გზავნილები მწვავეა. საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციაა, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერება და სანქციების დასაწესებლად მუშაობის გაგრძელებაა საჭირო. ევროპელი ლიდერები მმართველ გუნდს მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებებების დაცვისკენ მოუწოდებენ. ევროკავშირის გაფართოების აუცილებლობაზე მიუთითებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რომელიც სამიტის მონაწილეებს ესაუბრა. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის პერსონალური სანქციების დაწესების წინადადებას ორშაბათს 27-ვე ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერა არ ჰქონდა. ევროკომისიას წარედგინა წინადადება, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვები ამოქმედდეს. დღევანდელ სამიტს წინ უსწრებდა ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა, რომელმაც ევროკავშირს უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.