ევროკავშირის ელჩის განცხადება

ორ კვირაზე ნაკლები ევროკავშირის სამიტამდე, რა დროსაც, საქართველოს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს. მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროგაერთიანების წევრობის კანდიდატის სტატუსს, – საკუთარი პოზიცია 27 ქვეყნის ლიდერმა უნდა დააფიქსიროს. მანამდე კი საქართველომ ევროკომისიის შეფასების დოკუმენტში გაწერილი რეკომენდაციები უნდა შეასრულოს. ამ პროცესში ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობის აუცილებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირის ელჩი საქართველოში. პაველ ჰერჩინსკი პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდებს, ევროკომისიის მიერ დათქმული ცხრა პრიორიტეტი თანამშრომლობის საფუძველზე შეასრულონ. დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მხარეები კონსენსუსის მიღწევას შეძლებენ და რეფორმების განხორციელების პროცესში თანაბრად ჩაერთვებიან.