ევროკავშირის ელჩების გადაწყვეტილება – გამოხმაურებები
ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს ახალი წევრებისთვის ათწლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას, რაც დარღვევების შემთხვევაში, ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს და მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულების საფუძვლად განიხილება, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.
აღნიშნულ გამოსაცდელ პერიოდში ახალ წევრ ქვეყნებს, შესაძლოა, ხმის მიცემის უფლება შეუჩერდეთ, თუ ისინი კანონის უზენაესობის პრინციპებს სერიოზულად დაარღვევენ ან ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღებას ხელს შეუშლიან. „ევროკომისიამ წინადადება გასულ თვეში წარადგინა, რათა თავიდან აიცილოს უნგრეთის გამოცდილების გამეორება. ვიქტორ ორბანის მთავრობის დროს ქვეყანა ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს არღვევდა და არაერთხელ გამოიყენა ვეტოს უფლება იმ გადაწყვეტილებების დასაბლოკად, რომელთა მისაღებადაც ერთსულოვნებაა საჭირო“, – წერს „ევრონიუსი“.
თავდაპირველად ევროკომისია 15-წლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას სთავაზობდა, თუმცა რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის იტალია და ჯგუფ „დასავლეთ ბალკანეთის მეგობრების“ სხვა წევრები, რომლებიც რეგიონის ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერენ მხარს, მიიჩნევდნენ, რომ ასეთი ხანგრძლივი პერიოდი ძნელად თუ ჩაითვლებოდა დროებით ზომად.
ირლანდიამ, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით წევრ სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს, ვადის ათ წლამდე შემცირება და დამატებით ხუთი წლით გაგრძელების შესაძლებლობა შესთავაზა. ამ წინადადებას ევროკავშირის ელჩების ფართო მხარდაჭერა მოჰყვა. აღნიშნული საკითხი შეფასებების თემაა თბილისში.