ევროკავშირის დახმარება უკრაინას

ევროკავშირი 15 000 უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეს გაწვრთნის. ჯარისკაცების მომზადების ცენტრები გერმანიასა და პოლონეთში იქნება განლაგებული. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. როგორც ჟურნალისტებმა ევროკავშირის მაღალჩინოსნისგან შეიტყვეს, მისიის მიზანია, უკრაინამ დამოუკიდებლად შეძლოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა, ხოლო მისი მანდატი ორწლიანი იქნება. წინასწარი ცნობით, პოლონეთი უკრაინელ სამხედროებს ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღისგან თავდაცვას, ასევე სამედიცინო დახმარების გაწევას და კიბერთავდამსხმელებისგან დაცვას შეასწავლის. პროგრამა აგრეთვე ითვალისწინებს სამხედროების მიერ ლოჯისტიკის, იარაღის შეკეთების, ქალაქის პირობებში საბრძოლო მოქმედებების წარმოების, ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების ორგანიზებისა და არტილერიის განლაგების შესწავლას. გერმანიაში კი უკრაინელი სამხედროები ტერიტორიების განაღმვას და ომის წარმოების ტაქტიკას შეისწავლიან. ევროკავშირის საწვრთნელი მისიის შესახებ გადაწყვეტილება 17 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დამტკიცდება.