ევროკავშირი უკრაინისთვის მარშალის ევროპულ გეგმას იწყებს

ევროკავშირი უკრაინისთვის მარშალის ევროპულ გეგმას იწყებს – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ინტერფაქს უკრაინასთან“ ინტერვიუში განაცხადა. შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ დონორთა კონფერენცია, რომელიც პოლონეთის დედაქალაქში იმართება, გახდება ათვლის წერტილი უკრაინის ევროპული მარშალის გეგმისთვის. მიშელმა ასევე დაასახელა სამი პრიორიტეტი და სამი მიზანი, რომელსაც ის სატრასტო ფონდისთვის ხედავს. პირველი – ჰუმანიტარული დახმარება, მეორე მიზანი – ლიკვიდურობა და მესამე – ქვეყნის აღდგენა. მიშელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მიიღოს მაქსიმალური მხარდაჭერა მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, უკრაინის ბიუჯეტის მხარდაჭერა გრანტებითა და კრედიტებით, რომ ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის დონის შენარჩუნება მაქსიმალურ ნიშნულზე. შარლ მიშელის თქმით, სატრასტო ფონდის იდეა პრეზიდენტ ზელენსკის ეკუთვნის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ფონდი რაც შეიძლება მალე უნდა გააქტიურდეს. პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე დონორთა კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც.