ევროინტეგრაცია - პოლიტიკური თანხმობის ინიციატივა

ყოფილი პრემიერის გზავნილი პოლიტიკურ სპექტრს.

გიორგი გახარია ხელისუფლებას და ოპოზიციას ევროკავშირიდან მიღებული კითხვარის შევსების პროცესში ერთიანობისკენ და მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. ისტორიულ მომენტში პოლიტიკური ძალების ერთობა მთავრობის ყოფილი მეთაურისთვის ევროინტეგრაციის გზაზე წარმატების აუცილებელი წინაპირობაა. წინ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია – როგორც კი ევროკომისიიდან მიღებული კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შევსება დასრულდება, პასუხები ევროკომისიამ უნდა შეაფასოს და შესაბამისი რეკომენდაცია გასცეს, ევროპულმა საბჭომ კი პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს, ეკუთვნის თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. გახარიას გზავნილს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. პოლარიზაციის შემცირება და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე ერთიანობა, ანუ ის, რაც საერთაშორისო პარტნიორების მთავარი მოწოდებაცაა, ცალკეული ფაქტორების გამო ოპოზიციის ნაწილისთვის შეუსრულებელი ამოცანაა.