ევროინტეგრაცია და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი

მისცემენ თუ არა „ისფედს“ საარჩევნო რეფორმის ჯგუფში ჩართვის უფლებას – მმართველი გუნდის გადაწყვეტილების გამო პოლიტიკური უთანხმოება მწვავდება.

„ქართული ოცნება“ პოზიციის შეცვლას არ აპირებს იმ არგუმენტით, რომ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ორი თვის წინ დაყენებულ მთავრობის გადადგომის მოთხოვნას ამ დრომდე არ გამიჯვნია. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ტონი მწვავე იყო ამერიკის საელჩოს მიმართაც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია სანდო ორგანიზაციად მოიხსენია და სამუშაო ჯგუფში მისი არ მიწვევა ნეგატიურად შეაფასა. „ქართული ოცნების“ ლიდერმა საელჩოს 2020 წლის ცნობილი საარჩევნო სკანდალი შეახსენა, რომელიც სწორედ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმის პარალელურ დათვლას და მოგვიანებით აღიარებულ შეცდომას ეხებოდა. ოპოზიციის მსგავსად, პოლიტიკური მიკერძოების შესახებ „ქართული ოცნების“ ბრალდებას არ ეთანხმება თავად „ისფედი“, რომლის ხელმძღვანელი ევროკავშირის კანდიდატობაზე უარის შემდეგ მთავრობის გადადგომის მოთხოვნაში მიკერძოების ნიშნებს ვერ ხედავს.