გერმანიაში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება – ევროპის ჩემპიონატის გამო, განსაკუთრებული წესები მოქმედებს აეროპორტებში. გამკაცრებულია მგზავრების შემოწმების პროცედურები. მუშაობა უკვე დაიწყო ჩემპიონატის დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ცენტრმა, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც არიან წარმოდგენილები. „ევრო 2024“-ის მსვლელობის დროს უსაფრთხების დაცვის ღონისძიებებში ყველა მონაწილე ქვეყნის სამართალდამცავები იქნებიან ჩართულები. მათ წინასწარი გადამზადების სპეციალური კურსები გაიარეს.
საქართველოდან ჩასული სამართალდამცველები 10-დან 13 ივნისამდე ქალაქ ბამბერგის სასწავლო ცენტრში სხვა ქვეყნების პოლიციელებთან ერთად ერთობლივ სასწავლო კურსში მონაწილეობდნენ. ტერორიზმი, კიბერთავდასხმები, ხულიგნობები – ყველა შესაძლო საფრთხის აღსაკვეთად სტრატეგიულ და ხალხმრავალ ობიექტებზე პოლიციელების განსაკუთრებული მობილიზებაა.
გერმანიაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ მილიონობით ქომაგს შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც. გერმანიის სამი ქალაქის სტადიონებზე ჩვენი ქვეყნისთვის გამოყოფილი კვოტა სრულად არის ათვისებული.