ეუთო-ში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ჯგუფის განცხადება

18:06, 19.09.2025

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომაზე სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გამოვიდა, რომელმაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია, ერთი მხრივ, ქვეყნის დეოკუპაციის, ხოლო მეორე მხრივ, ომის შედეგად გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისკენ. საგარეო უწყების ცნობით, მუდმივი საბჭოს სხდომაზე ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფის მიერ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გაკეთდა. ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი, გმობს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, ასევე – მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება. მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს ეუთო-სა და საერთაშორისო საზოგადოებას აქტიური ჩართულობისკენ – რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველსაყოფად. განცხადების დასასრულს, ხაზგასმულია ერგნეთისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობა, რომელთა დადგენილი წესების მიხედვით ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ესკალაციის პრევენციისთვის.

მსგავსი