ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ვლადიმერ პუტინსა და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს, ასლან ბჟანიას შორის სოჭში გამართული შეხვედრის გამო ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა. სხდომაზე ანგარიშით წარსდგნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები გაერო-დან, ეუთო-დან და ევროკავშირიდან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხსენებლებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და მის ფარგლებში არსებული, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მწუხარება გამოთქვეს, რომ მიმდინარე წელს, პანდემიის გამო მოლაპარაკებების რაუნდის ჩატარება ვერ მოხერხდა, თუმცა იმედოვნებენ, რომ პირისპირ შეხვედრა დეკემბერში გაიმართება.