ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ მოთხოვნები – პოლიტიკური პოზიციები

21:14, 13.03.2026

ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის მაღალი დონე კიდევ უფრო გაზარდა დასკვნამ, რომელიც ეუთო-ს „მოსკოვის“ მექანიზმის ფარგლებშია მომზადებული.

1991 წელს შექმნილი მექანიზმი საქართველოს მიმართ 24 ქვეყნის მოთხოვნით და ოთხი ქართული ოპოზიციური პარტიის მოთხოვნით პირველად გამოიყენეს. ფაქტების დამდგენი მისიის მიერ ორკვირიან ვადაში მომზადებული ანგარიში მძიმე შინაარსის ფორმულირებებს მოიცავს. ხელისუფლება მისიას ფაქტების იგნორირებაზე და პოლიტიკურად მოტივირებულ შეფასებებზე მიუთითებს და რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს. ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო სამართლებრივი წნეხის და საერთაშორისო სამართლებრივი დევნის მოლოდინი აქვს ოპოზიციას. ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი დასკვნის იმ ნაწილზე კეთდება, სადაც მისია საქართველოში არსებული მდგომარეობის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გადამისამართების რეკომენდაციას გასცემს. მისია, რომელიც 2024 წლის გაზაფხულიდან 2026 წლამდე პერიოდს და ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას სწავლობდა, ითხოვს, გაუქმდეს პარტიების აკრძალვის სარჩელი და რამდენიმე კანონი, მათ შორის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი და ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი. დასკვნაში საუბარია დემოკრატიულ რეგრესზე, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის და მედიის დევნაზე, რეპრესიებზე, ძალადობაზე, ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცავთა დაუსჯელობაზე, გამოხატვის თავისუფლების ეტაპობრივ შეზღუდვაზე.

ანგარიშს წინ ყველა მხარესთან შეხვედრები უძღოდა.

მსგავსი