ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში

 საქართველოს თანამშრომლობა ეუთო-სთან, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული უსაფრთხოება განხილეს ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ მას ვიზიტისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. კიდევ ერთხელ აღინიშნა დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართ საქართველოს ერთგულება. იმსჯელეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს ეუთო-ს თანათავმჯდომარეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და მონაწილეობას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. კიდევ ერთხელ დადასტურდა ხელისუფლების ერთგულება სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას და ამ კუთხით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ეუთო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე დიალოგის ცენტრალურ პლატფორმად დარჩეს.

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით პრემიერმა „ტვიტერზე“ დაწერა: „გულწრფელად მადლობელი ვარ ეუთო-ს გენერალური მდივნის მხრიდან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებაში ჩართულობისთვის. ჩვენი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის განსამტკიცებლად, ასევე რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობისა და საერთო გლობალური გამოწვევების დასაძლევად,“ – წერს ირაკლი კობახიძე.