ეუთო-ს განცხადება

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა, რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გაავრცელა.  საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მასში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო ინტერვენციიდან 12 წლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია უკიდურესად შემაშფოთებელია.   ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს  2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მეგობართა ჯგუფის წევრები შეშფოთებული არიან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების, დაკავებების,  მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის, ასევე რუსეთის სამხედრო წვრთნების ზრდისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო. ასევე  გამოთქმულია ღრმა შეშფოთება გლობალური პანდემიის პირობებში რუსეთის, ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების გახშირებულ პროვოკაციებზე. ჯგუფის წევრები მხარს უჭერენ საქართველოს მიერ პრევენციული ზომების გატარებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის განცდის აღმოფხვრასა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობას. ამ კონტექსტში, ისინი აღნიშნავენ საქართველოს მთავრობის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღებას.