ეუთო-ს 24 წევრი ქვეყნის განცხადება – შეფასებები

18:05, 13.03.2026

ეუთო-ს წევრი 24 ქვეყნის ერთობლივი განცხადება, „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებების თემაა.

მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ანგარიშში სერიოზული ფაქტობრივი უზუსტობები, შერჩევითი ინტერპრეტაციები და პოლიტიკურად მიკერძოებული დასკვნებია. ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებენ, რადგან ის შეიცავს პოლიტიკურ შეფასებებს, მანიპულაციებს და ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობას ნიშნავს. შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს წევრმა 24-მა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და მოუწოდეს საქართველოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციების შესრულებისკენ. ანგარიშის მიხედვით, „მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში, საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით აშკარა უკუსვლა მოხდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ჩაატარონ სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდების შესახებ, დამნაშავეები კი პასუხისგებაში მიეცნენ. ასევე, საქართველომ უნდა შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები, გაიწვიოს ამ საკითხთან დაკავშირებით განხილული განაცხადები და უზრუნველყოს პოლიტიკური პლურალიზმის სრული პატივისცემა. ანგარიში ხაზს უსვამს სასამართლო სისტემისადმი ნდობის აღდგენის აუცილებლობას. ერთობლივი განცხადების ხელმომწერები, კონტინენტური ევროპის ქვეყნების უმეტესობაა. დოკუმენტის ინიციატორთა და ხელმომწერთა შორის, არ არიან მეზობელი ქვეყნები – სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ასევე საფრანგეთი და აშშ. შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი მისიის ანგარიში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას ასახავს.

მსგავსი