ესტონეთის პარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება მიიღო - გამოხმაურება
პოლიტიკური შეფასებების თემაა საქართველოსთან დაკავშირებით ესტონეთის პარლამენტის მიერ მიღებული განცხადება.
განცხადებაში ვკითხულობთ: „ესტონეთის პარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ სანქციები იმ ქართველი პოლიტიკოსებისა და ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ მშვიდობიანი აქციების ძალადობრივ დაშლასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნაში. ესტონეთის პარლამენტი ასევე ითხოვს, მკაცრად შეიზღუდოს ურთიერთობა საქართველოს არალეგიტიმურ მთავრობასთან იქამდე, ვიდრე ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება. გასული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც ძალადობისა და დაშინების ატმოსფეროში ჩატარდა, არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით სარგებლობს, იყენებს გაყალბებული არჩევნების შედეგებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დასათრგუნად“.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ლეგიტიმურ პრეზიდენტად ესტონეთის პარლამენტში მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ და მხარს უჭერენ მის ძალისხმევას ქვეყანაში საკონსტიტუციო კრიზისის დასრულებისთვის“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „პარლამენტი მხარს უჭერს დემოკრატიულ ძალებს საქართველოში, რომლებიც ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რაც გარდაუვალია საკონსტიტუციო კრიზისის გადასაჭრელად და დემოკრატიის აღსადგენად, ასევე გმობს მშვიდობიან დემონსტრანტებზე სასტიკ რეპრესიებს მზარდი რუსული იმპერიალიზმის მხარდაჭერით და მოუწოდებს, შეწყდეს ნებისმიერი ძალადობა ან დევნა, ასევე გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი“.