კიევში ჩავიდნენ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი სანჩესი და დანიის პრემიერ-მინისტრი ფრედერიქსენი. ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინას აქვს ესპანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ერთგულება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ესპანეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრები, სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ შეხვედრას. პედრო სანჩესმა მანამდე განაცხადა, რომ ესპანეთის საელჩო კიევში სამუშაოდ „უახლოეს დღეებში“ დაბრუნდება. უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, ესპანეთმა ქვეყნიდან 25 რუსი დიპლომატი და საელჩოს თანამშრომელი გააძევა.