ერთჯერადად შესვლა პარლამენტში - „რესპუბლიკელების“ ინიციატივა

აზრთა სხვადასხვაობა ოპოზიციაში. ფაქტია, რომ ხათუნა სამნიძის ინიციატივამ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებში კიდევ ერთი დისონანსი შეიტანა. „გირჩის“ და ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გარდა, პარლამენტში ერთჯერადად შესვლის და უბარიერო პროპორციული არჩევნების მხარდაჭერის წინადადებას რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური პარტნიორების მხრიდან ნეგატიური რეაქციები მოჰყვა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგანაც“, რომელიც „რესპუბლიკელებთან“ ერთად ერთ ბლოკშია გაერთიანებული. აღმოჩნდა, რომ სამნიძის გუშინდელი ინიციატივის გარშემო პოზიციები „რესპუბლიკელებს“ შორისაც გაყოფილია. ამ ფონზე „ქართული ოცნების“ შეთავაზება ძალაში რჩება – თუ საკონსტიტუციო უმრავლესობით, ანუ 113 ხმით მისაღები უბარიერო სისტემის მოთხოვნაზე ოპოზიცია ჩამოყალიბდება, მმართველი გუნდი შესაბამისი ინიციატივის განსახილველად მზად არის.