ავტორი გიორგი ანთაძე
„სიტყვა სტრატეგია ბევრ განსხვავებულ კონტექსტში იხმარება. არსებობს ბიზნეს სტრატეგიები, ფინანსური სტრატეგიები, სწავლებისა თუ კვლევის სტრატეგიები…ორგანიზაცია იმუშავებს სტრატეგიას მისი მიზნებისა და მისიიდან გამომდინარე. ეს არის მომავლის ხედვა, ორგანიზაციის ადგილის ხედვა მომავალში და მის განკარგულებაში მყოფი სხვადასხვა ალტერნატივების შეფასება არსებული შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით… გააზრებული, თანმიმდევრული სტრატეგიის შემუშავება უმნიშვნელოვანესია ეროვნული უსაფრთხოებისათვის, როგორც მშვიდობის ასევე ომის გადმოსახედიდან.“
მაკუბინ ტომას ოუენსი
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა. ამგვარი ინიციატივა ერთი შეხედვით, თითქოს ცალსახად მისასალმებელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებას და რაც მთავარია, მისი წარმატებულად იმპლემენტაცია ქვეყანაში გარკვეული სტრატეგიული კულტურისა და ინსტიტუციონალური ტრადიციების არსებობას საჭიროებს. სანამ პასუხს გავცემთ შეკითხვას – სჭირდება თუ არა საქართველოს დღევანდელ რეალობაში ამდაგვარი დოკუმენტი და რაც მთავარია, შესწევს თუ არა სახელმწიფოს მისი რეალიზაციის უნარი, მნიშვნელოვანია, მკაფიო წარმოდგენა შევიქმნათ აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით.
21-ე საუკუნის საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში არსებული სახელმწიფოებისათვის უსაფრთხოება, ამ უსაფრთხოებისკენ სწრაფვის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში ინსტიტუციონალიზაცია სერიოზულ საზრუნავს წარმოადგენს. ეს საჭიროება მოითხოვს შემუშავდეს ეროვნული დონის ცალკეული სტრატეგიები, რომლებიც შექმნილია საერთაშორისო ურთიერთობების გარკვეულ სისტემაში მყოფი აქტორებისთვის ეროვნული უსაფრთხოების საჭირო და მისაღები კონდიციის მიღწევის მიზნით.
გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოებს ყოველთვის ქონდათ გარკვეული სტრატეგიული ხედვები და სტრატეგიებიც, რომელთაც უმაღლეს სტრატეგიულ თუ ეროვნულ დონეზე გამოიყენებდნენ. ეს აუცილებლად არ ნიშნავს, იმას რომ ეს სტრატეგიები „ცუდი“ ან „კარგი“, ან საჭირო დროს იყო, მაგრამ პერიოდულად ისინი არსებობდნენ ამა თუ იმ ფორმით მთელი ისტორიის განმავლობაში.
უმრავლესობა ამ სტრატეგიებისა ფორმალურ დოკუმენტებში არსებობდა და მეტწილად გასაიდუმლოებული და საზოგადოებისათვის მიუწვდომელი იყო. ბოლო წლების განმავლობაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასთან დაკავშირებული მთელი რიგი დოკუმენტები იქმნება. მათი მიზანია, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული სახელმწიფოებრივი მიდგომების ინსტიტუციონალიზაცია. დემოკრატიული ქვეყნებში ეს პროცესი ღიაა როგორც საკუთარი საზოგადოების, ისე გარე აუდიტორიისათვის.
ეროვნული უსაფრთხოების და სხვადასხვა სტრატეგიული დოკუმენტების საკითხთა საზოგადოებისათვის ღია სამსჯავროზე გამოტანა რამდენიმე მიზეზით ხდება.
- ისინი სამთავრობო სტრუქტურებისათვის წარმოადგენს ფართო საერთო ბაზისს და აჩვენებენ, რომ ამ სტრუქტურებს ნამდვილად ესმით ჩანაფიქრები და მიზნები (როგორც მიდგომა ან მიმართულება), რომელიც არჩეულ მმართველ ჯგუფს ეროვნული უსაფრთხოებასთან მიმართებაში გააჩნია. მარტივად რომ ვთქვათ, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც „დემოკრატიული მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების საორიენტაციო დოკუმენტი, შექმნილი შიდა კონსენსუსის მისაღწევად ქვეყნის საგარეო, თავდაცვის, დიპლომატიური, თუ ეკონომიკური სტრატეგიების შესახებ“.
- ამ სტრატეგიებს შეუძლიათ დემოკრატიულ საზოგადოებაში საკანონმდებლო ორგანოს ინფორმირება – „თუ რა რესურსებს მოითხოვენ ისინი და ამით ხელი შეუწყონ მათი ფისკალურ უზრუნველყოფის სანქციონირებასა და ასიგნირებას“.
- დოკუმენტებს გააჩნიათ სტრატეგიული კომუნიკაციის ინსტრუმენტის ფუნქცია საშინაო და საგარეო აუდიტორიისათვის. ეს აუდიენცია მოიცავს დემოკრატიული ქვეყნის როგორც ადგილობრივ კომპონენტებს, ასევე შესაძლოა მიმართული იყოს საერთაშორისო ურთიერთობების ისეთი აქტორისკენ, რომელიც მოიაზრება აღნიშნული ქვეყნისათვის საფრთხის შემქმნელ სუბიექტად. აუდიტორიის თითოეული ეს წევრი, დროთა განმავლობაში, შესაძლოა შეიცვალოს იმ პრობლემათა ცვლილებების გამო, რომელთაც დოკუმენტის შემქმნელი სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით აწყდება.
ეროვნული უსაფრთხოების განმარტებისათვის
ეროვნული უსაფრთხოების იდეა პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ გვესმის ნაციისა თუ სახელმწიფოს უსაფრთხოება და მათ შორის არსებული ურთიერთკავშირი. ეროვნული უსაფრთხოების გაგება შეიძლება არ ნიშნავდეს ერთსა და იმავეს სხვადასხვა ხალხებისა თუ სახელმწიფოებისათვის, უფრო მეტიც – იგი შეიძლება განსხვავებულად აღიქმებოდეს ერთი სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუციების მიერ. საამისო მიზეზები განსხვავებულია, თუმცა უმთავრესი მაინც ეროვნული ინტერესების განსხვავებული პერსპექტივებიდან ხედვაა. ეს პერსპექტივები კი, თავის მხრივ ამა თუ იმ სახელმწიფოს სტრატეგიული კულტურის განუყოფელი ნაწილია.
უსაფრთხოებას, როგორც ცალკეულ ცნებას, თავად გააჩნია უამრავი ინტერპრეტაცია, თუმცა როდესაც ვსაუბრობთ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, ტერმინი მეტწილად ფასეულობების, ეროვნული ღირებულებების დონეს ეხმიანება და იმ „შიშისგან“ და საფრთხეებისგან დაცულობის დონეს აღნიშნავს, რომელიც ამ ღირებულებებზე შეტევას თუ მათ ხელყოფას გულისხმობს.
ვოლტერ ლიპმანი, ცნობილი ამერიკელი მოაზროვნე, „ცივი ომის“ იდეოლოგიის ერთ-ერთი ავტორი, არაერთი ამერიკელი პრეზიდენტის არაფორმალური მრჩეველი, უსაფრთხოების მიღწევას ასე აღწერდა: „ნაციის, სახელმწიფოს არსებობა მაშინ არის დაცული, თუ მას არ უწევს ძირეული ღირებულებების დათმობა ომის თავიდან აცილების მიზნით და ამ გამოწვევის არსებობის შემთხვევაში, აქვს უნარი დაიცვას ღირებულებები ასეთ ომში გამარჯვებით“.
დროთა განმავლობაში უსაფრთხოების იდეა საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში გაფართოვდა და აერთიანებს როგორც ქვეყნის სამხედრო და თავდაცვით უსაფრთხოებას, ასევე ზოგადად სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ინდივიდუალური ადამიანის უსაფრთხოებას. 21-ე საუკუნეში უსაფრთხოება განიხილება სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთი მთლიანობის კუთხით და მოიცავს ისეთ ტრანსნაციონალურ საკითხებსაც, როგორებიცაა ენერგეტიკული უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების, საერთაშორისო ტერორიზმის, კლიმატურ ცვლილებების, ადამიანის უფლებების თუ გლობალური სიღარიბის პრობლემები.
არსებობს რამდენიმე შეკითხვა, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მსჯელობისას სასურველია დაისვას უსაფრთხოება:
- ვისგან და რისგან?
- რომელი ფასეულობებისათვის?
- რა დონის?
- რა საფრთხეებისგან?
- რა საშუალებებით?
- რის საფასურად?
- დროის რა პერიოდში?
სახელმწიფოებრივი თუ ეროვნული გადმოსახედიდან ეს კითხვები შემდეგნაირად ჟღერს:
- როგორ დავიცვათ ეროვნული ფასეულობები/ღირებულებები;
- განისაზღვროს ეს სპეციფიკური ღირებულებები და აუცილებელი (მისაღწევი) უსაფრთხოების დონე ;
- როგორია საფრთხეების ხასიათი, რომლისკენაც უსაფრთხოება უნდა იყოს მიმართული;
- რა საშუალებებია საჭიროა ამ საფრთხეების გასამკლავებლად და გაღებული საფასურის დონე;
- დროის რელევანტური პერიოდი, რომელიც საჭიროა ამ ყველაფრისთვის;
პასუხები ამ შეკითხვებზე დაეხმარება სახელმწიფოს რეალურად განსაზღვროს, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს მისთვის სიტყვა უსაფრთხოება.
ამ პასუხების განსაზღვრაზე დიდი ზეგავლენა ექნება იმასაც, თუ როგორ ახდენენ სახელმწიფოს სხვადასხვა აქტანტები ნაციონალური, ეროვნული ინტერესების დეფინიციას და როგორია ამ ქვეყნის სტრატეგიული კულტურა.
ნაციონალური/ეროვნული ინტერესი, ეს არის ის სასურველი რამ, გარკვეული „რეალობა“, მდგომარეობა სასურველი მიზნების რეალიზაციისთვის – „…ერის მიერ შემეცნებული საჭიროებები,სურვილები და იმედები საერთაშორისო გარემოსთან მიმართებაში“ რაც ასევე გვეხმარება განვსაზღვროთ ეროვნული ძალისხმევის რა რაოდენობა, ანდა სახეობა უნდა იქნას გაღებული, როგორც პოლიტიკისა თუ სტრატეგიის იმპლემენტაციის საშუალება.
ბუნებრივია, ინტერესების ცნება არ არის რაიმე ახალი 21-ე საუკუნის საერთაშორისო სისტემისათვის. ის ყოველთვის იყო სისტემის თითოეული აქტორის უმთავრესი ზრუნვის საგანი. ეს ინტერესები შეიძლება ორიენტირებული იყოს სუბიექტის როგორც პირად უსაფრთხოებაზე ან ძალაუფლების გაღრმავებაზე, ასევე განპირობებული იყოს ღირებულებებისგან, რომლებიც მიმართულია საერთაშორისო სისტემის რომელიმე ნაწილის, ანდა მთლიანად სისტემის კეთილდღეობისაკენ. ასევე სუბიექტს შეიძლება გარკვეული სუბორდინაციის დაცვა დასჭირდეს ინტერესთა განსაზღვრისას, ვინაიდან შესაძლებელია, მხოლოდ მაშინ იქნას სარგებელი მიღებული ამ ინტერესებიდან, როდესაც ისინი საერთაშორისო სისტემის რომელიმე სხვა აქტორის ინტერესებს ითვალისწინებს.
აქვე აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ინტერესები როგორც წესი, კატეგორიზებულია და განსაზღვრულია ინტენსიურობისა და პრიორიტეტულობის მიხედვით. აკადემიურ ნაწერებში ინტერესებზე საუბრისას ხშირად გამოიყენება შემდეგი ტერმინები: გადარჩენა, სასიცოცხლო, კრიტიკული, მთავარი, სერიოზული, მეორადი, ნაკლებად მნიშვნელოვანი, ექსტრემალურად მნიშვნელოვანი, ჰუმანიტარული, პერიფერიული და ა. შ. მათი კატეგორიზაცია ხდება ასევე სუბიექტის და მისი ინტერესების ქრონოლოგიური ურთიერთკავშირის მნიშვნელობის მიხედვითაც (გრძელვადიანი-ახლო ვადიანი გავლენა);
ამ პროცესების წარმართვაზე უდიდესი მნიშვნელობა და ზეგავლენა აქვს სახელმწიფოს სტრატეგიულ კულტურას, რაც შეიძლება განმარტებულ იქნას, როგორც „გააზრებული წარმოდგენების, ვარაუდების და ქცევის ფორმების გარკვეული მოცემულობა, გამომდინარე საერთო გამოცდილებისა და მიღებული ნორმებისგან (როგორც წერითი, ისე ვერბალური), რომლებიც აყალიბებენ კოლექტიურ იდენტობას და ურთიერთობებს სახელმწიფოს სხვადასხვა ელემენტებს შორის და რომელიც განსაზღვრავს მიზნებსა და საშუალებებს უსაფრთხოებისათვის საჭირო ამოცანების მისაღწევად“. ამ პროცესს ღრმა კავშირი აქვს ქვეყნის ისტორიულ მეხსიერებასთან და განპირობებულია უამრავი მომენტით, რომელიც ამ ქვეყანას მისი ისტორიული გზის გავლისას უჩნდება. შეიძლება ითქვას, რომ იგი ქვეყნის გარკვეული სტრატეგიული გონია. უფრო მარტივად – გეოგრაფია და რესურსები, ისტორია და გამოცდილება, საზოგადოება და პოლიტიკური სტრუქტურა, ქმნის სახელმწიფოს სტრატეგიულ კულტურას.
სტრატეგიულ კულტურას, ეროვნული ინტერესების კომბინაციას და ქვეყნის წარმოდგენას იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს მისი უსაფრთხოების საზრუნავი, მივყავართ იმისკენ, თუ რა იგულისხმება ეროვნული უსაფრთხოების იდეაში სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის ნაწილისათვის. ზოგიერთი ქვეყანა ეროვნულ უსაფრთხოებას გლობალურ ბაზისზე ხედავს, სხვები – რეგიონალურზე და მესამენი კი ფოკუსირებულები არიან საკუთარი საზღვრებისა და მის შიგნით უსაფრთხოების საკითხებზე. მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი განსაზღვრულია,მომდევნო ნაბიჯი არის ამ გააზრებული „ეროვნული“ და უსაფრთხოების“ ცნებების დაკავშირება სტრატეგიის კონცეფციასთან.
სტრატეგია, პოლიტიკისგან განსხვავებით, რომელიც პასუხობს კითხვაზე – რა გაკეთდეს რაიმის შესახებ, ან რატომ უნდა იქნას ეს რაიმე გაკეთებული, არის პასუხი კითხვაზე, თუ როგორ უნდა იქნას იმპლემენტირებული ან გატარებული ეს პოლიტიკა. ეს არის„ პოლიტიკის მიზნების მისაღწევად გამოყოფილი შესაძლებლობების გეგმა“, „სინქრონიზებული და ინტეგრირებული სახით ეროვნული ძალაუფლების გამოყენების კეთილგონივრული (საუკეთესოდ გათვლილი) იდეა ან იდეათა ერთობლიობა თეატრის, ეროვნული ან/და მრავალეროვნული მიზნების მისაღწევად“
ზოგადად სტრატეგია, ფორმულირებული ან გათვლილი, ურთიერთკავშირია მიზნებსა და საშუალებებს, შესაძლებლობებსა და ჩანაფიქრებს, ძალასა და გამოყენების საზრისს შორის. სტრატეგია ზომავს: „თუ რა უნდა ამ სტრატეგიის ავტორს (მიზნები) რომ არსებული რესურსების საშუალებებით (შესაძლებლობები) მიიღოს სასურველი (მიზნის მიღწევა). სახელმწიფოს შემთხვევაში, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ემსახურება ქვეყნის მცდელობას მიაღწიოს საუკეთესოს საკუთარი უსაფრთხოებისათვის. ამ ტერმინის არა ერთი დეფინიცია არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით ტერმინი – „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია“აღწერს „დაგეგმილ, სისტემატიზებულ და რაციონალურ პროცესს, რომელიც შემუშავებულია ძლიერი ლიდერების, ორგანიზაციული კულტურებისა და სამთავრობო სტრუქტურების მიერ“.
სხვადასხვა განმარტებათა ანალიზიდან გამომდინარე, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია შესაძლოა გაგებული იქნას, როგორც:„ერის (სახელმწიფოს) პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალურ-ფსიქოლოგიური, ინფორმაციული და სამხედრო ძალაუფლების გამოყენების მეცნიერება და ხელოვნება, შეთანხმებული სახელმწიფო პოლიტიკასთან, რის შედეგადაც იქმნება პირობები ეროვნული ინტერესების დაცვისა და განვითარებისათვის სხვა ერებთან, აქტორებთან ან პირობებთან და ვითარებასთან მიმართებაში“. ამ პროცესის მიზანია მოახდინოს ქვეყნის მიერ დაწერილი იმ საჯარო და ოფიციალური ხედვის დეკლარირება, რის მეშვეობითაც იგი აპირებს საკუთარი უსაფრთხოების მიზნების მიღწევას როგორც საერთაშორისო სისტემაში, ასევე ქვეყნის ფარგლებს შიგნით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ფორმალური სტრატეგიული დოკუმენტების რამდენიმე სახეობა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს ეხება. ამგვარი დოკუმენტების ყველაზე ცნობილი მაგალითებია: საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, იგივე ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი, ეროვნული თავდაცვის სტრატეგია ან სამხედრო სტრატეგია. აქედან სწორედ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია არის ყველაზე მოცულობითი თავისი და შინაარსით და მას არა ერთი დანიშნულება გააჩნია:
- აქვს არსებული და მომავლის უსაფრთხოების გარემოსთან სტრატეგიული კომუნიკაციის ინსტრუმენტის როლი; წარმოადგენს ეროვნული ღირებულებებისა და ქვეყნის საფრთხეების ღრმა ანალიზს;
- კონსოლიდაციას უკეთებს მთავრობის, ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ხედვებს;
- წარმოადგენს პრიორიტეტიზებულ, გაზომვად და დროში გაწერილ ამოცანებსა და მიზნებს;
- იდენტიფიცირებას უკეთებს იმ საერთაშორისო და ადგილობრივი ფაქტორებს, ტრენდებს ან კოოპერატიულ შესაძლებლობებს, რომელთაც შეუძლიათ დასახული მიზნების მიღწევაზე ზეგავლენის მოხდენა.
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტრატეგიის ერთიანი, სამთავრობო მიდგომების ჩამოყალიბების პროცესი მოიცავს ხელისუფლების ყველა შესაბამის შტოსა და სტრუქტურას. ახდენს მოქმედებათა კურსისა და რესურსების (გზები და საშუალებები) მობილიზებასა და იდენტიფიცირებას დასახული მიზნების მისაღწევად; წარმოადგენს სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესში სამთავრობო სტრუქტურების გზამკვლევს მათი პასუხისმგებლობაში მყოფი მიმართულებების დაგეგმვის, ორგანიზებისა და დაფინანსებისათვის.
უმნიშვნელოვანესი შეკითხვა, რომელიც სტრატეგიის ავტორების წინაშე ისმება, წარმოადგენს იმას, თუ როგორ განიხილება სტრატეგია თავიდან – როგორც რეალისტური სტრატეგია, რომელსაც გააჩნია არსებული რესურსებით დასახული მიზნების მიღწევის საშუალება თუ როგორც სტრატეგიული კომუნიკაციის ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოების ფოკუსის დეკლარირებას მოახდენს საგარეო და საშინაო აქტიორებისათვის.
ზემოთ მოყვანილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტები შეიძლება დაჯგუფდეს იერარქიულად. ეროვნული უსაფრთხოების ფორმულირების პროცესში თითოეულ დონეზე დოკუმენტებს შორის არსებობს ურთიერთკავშირი- „თითოეული დონის დოკუმენტის ლოგიკა განსაზღვრულია იყოს ქვემდებარეს სახელმძღვანელო და ზემდგომს დაქვემდებარებული.“ როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, დიდ სტრატეგიასთან ერთად წარმოადგენს სტრატეგიულ ორიენტირს, სტანდარტს ყველა სხვა სუბორდინაციულ დოკუმენტებს შორის და ეროვნული ინტერესები, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშია მოცემულია, ეხმარება სხვა დამხმარე ფუნქციონალური სტრატეგიების ორიენტირებას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელი შემდგომ უნდა დაისვას მდგომარეობს შემდეგში – არსებობს თუ არა ამ დოკუმენტების შექმნის საუკეთესო გზა და რა რისკებს შეიძლება შეიცავდეს ეს პროცესი?
ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნა, როგორც წესი, მულტიდისციპლინარული და მულტისტრუქტურული პროცესია. თუ ეს პროცესი არ შეიცავს ყველა საჭირო სამთავრობო შტოს მონაწილეობას, შესაძლოა სტრატეგიაში გარკვეული ცდომილებებიც იყოს. ამ გადმოსახედიდან ხელისუფლების არცერთ შტოს ცალკე არ ექნება უნარი აითვისოს უსაფრთხოების გარემო იმდაგვარად, რომ საკმარისი იყოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ან მისი დაქვემდებარებული დოკუმენტების შექმნისათვის. თავის მხრივ, დოკუმენტზე მუშაობისას ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი – ამ პროცესში ხელისუფლების მთელი ძალისხმევის მიმართვისას ხელისუფლების ყველა შტო, ორგანო, გარკვეულწილად თავის გადმოსახედიდან ხედავს უმთავრესი ამოცანების მიღწევის არამარტო საშუალებებსა და გზებს, არამედ თითონ მიზნებსაც, რაც ქმნის რისკს, რომ აღნიშნულ პროცესში დაიკარგება ის მთავარი სტრატეგიული სამიზნეები, რისკენაც დოკუმენტი უნდა იყოს მიმართული. მეორეს მხრივ, დოკუმენტზე მხოლოდ ადამიანთა შეზღუდული რაოდენობის მუშაობის შემთხვევაში, ხელისუფლების სხვადასხვა რგოლების თანამონაწილეობის გარეშე არსებობს ალბათობა, რომ იქნება ცდომილება მიზნებს, გზებსა და რეალურ საშუალებებს შორის სტრატეგიული ჩანაფიქრების განხორციელების გზაზე. ყოველივეს გათვალისწინებით ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესში იქნებიან ჩართული ხელისუფლების სხვადასხვა შტოებთან ერთად, მოუწევთ კარგად აწონონ რისკები და იპოვონ მისაღები გამოსავალი.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და სამხედრო სტრატეგიის ფარგლებში აუცილებელია სტრატეგიის ნორმატიული განმარტების არსებობაც, რაც ინსტიტუციონალურს გახდის სტრატეგიის ფორმულირებისა და იმპლემენტაციის პროცესს. ეს პირველ რიგში მიზნად ისახავს ეროვნული უსაფრთხოების გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობასა და კონტროლს და ამასთანავე, აღსრულება მიყვება ვერტიკალს ეროვნული ღირებულებებიდან კონკრეტულ საბრძოლო შესაძლებლობის შექმნამდე ან/და საგარეო პოლიტიკურ აქციამდე.
როგორც ვხედავთ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავების პროცესს არა ერთი სირთულე ახლავს თავს. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, არსებობს თუ არა სტრატეგიის ფორმულირების აპრობირებული მოდელები, რომლებიც ასახავენ ჩვენს მიერ ზემოთ განხილულ პროცესებს.
მოდელი სტრატეგიის ფორმულირებისათვის
„სტრატეგიის უმთავრესი პრინციპები იმდენად მარტივია, რომ მისი გაგება ბავშვსაც შეუძლია. მაგრამ ამ პრინციპების შესაბამისი გამოყენება მოცემულ სიტუაციასთან მიმართებაში ურთულეს სამუშაოს მოითხოვს“
დუაიტ ეიზენჰაუერი
როგორც ვნახეთ სტრატეგია სამი მარტივი კომპონენტის ურთიერთქმედებისაგან შედგება: მიზნები, გზები და საშუალებები. ამ თვალსაზრისით ის უმარტივესია. ამასთან, როგორც სტრატეგიის ფორმულირების სხვადასხვა ასპექტის განხილვისას გამოჩნდა, ეს სამი კომპონენტი ვარიაციების თითქმის უსასრულო სიმრავლეს ქმნის, რომელთაგან მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად არ ექვემდებარება გაზომვას და ხანდახან არც კი არის ხელშესახები. ჩნდება უამრავი ფაქტორი და დაბრკოლება, რომელიც გააზრებასა და დაფიქრებას საჭიროებს. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით სტრატეგია უფრო ხელოვნებაა, ვიდრე მეცნიერება. ის ასევე თავისებურად მეცნიერული არის იმ გაგებით, რომ ექვემდებარება ანალიზს და მოდელირებას, რაც მოითხოვს საერთო ტერმინოლოგიისა და პრინციპების დაცვას და დისციპლინირებულ, მაგრამ შემოქმედებით აზროვნებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ფორმულები არ იძლევიან პირდაპირ, აწონილ პასუხებს და არც გამოიყენებიან ისე, როგორც ჩვენ მათემატიკურ ფორმულებს ვიყენებთ.
ერთ-ერთი ასეთი მოდელი და შეიძლება ითქვას, ყველაზე აპრობირებული და მიღებული, აშშ-ის არმიის ომის კოლეჯის მოდელია, სადაც თანმიმდევრული მოქმედებების ფორმით არის გადმოცემული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების მეტ-ნაკლებად სრული სურათი.
ფორმულირების პროცესის ალგორითმი ამდაგვარად გამოიყურება:
- ეროვნული ინტერესების იდენტიფიკაცია;
- თითოეული ინტერესისათვის ინტენსივობის ხარისხის მინიჭება;
- სტრატეგიული გარემოს (პრობლემების, ტენდენციების, საფრთხეების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების) ანალიზი ინტერესებთან მიმართებაში;
- ეროვნული მიზნების ჩამოყალიბება;
- სხვადასხვა ალტერნატიული კონცეფციის (გზების) გააზრება და განხილვა ხელმისაწვდომი ან საჭირო რესურსების ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად;
- ყველა გააზრებული სტრატეგიული გადაწყვეტილებისთვის განისაზღვროს არის თუ არა ის:
- შესაძლებელი – გვაქვს თუ არა საშუალებები რომ აღვასრულოთ კონცეფცია;
- მისაღები – აქვს თუ არა საშინაო მხარდაჭერა, არის თუ არა კანონიერი, ეთიკური, ღირს თუ არა საფასური, რაც უნდა გადავიხადოთ;
- შესაბამისი – მიგვიყვანს თუ არა სასურველ მიზნამდე;
- რისკების შეფასება;
- რეკომენდაციების შემუშავება;
საბოლოოდ, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების პროცესი პერმანენტული პოლიტიკური პროცესია, რომლის მიზანი უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტრატეგიის დაბალანსებაა. უსაფრთხოების გარემო მუდმივი დინამიკისა და ცვალებადობის მატარებელია, ამიტომ მუდმივად უნდა ხდებოდეს მისი შეფასება და გადაფასება: რამდენად შეესაბამება ეროვნული უსაფრთხოების მიზნები და ამოცანები ეროვნულ ინტერესებს; სახელმწიფო ძალაუფლების რა ელემენტები და ინსტრუმენტები და რანაირად (სტრატეგიული კონცეფციით) უნდა იქნას გამოყენებული ამ მიზნების მისაღწევად /გადასაჭრელად; არის თუ არა ქვეყანაში არსებული რესურსები საკმარისი.
თუ მიზნები არ იძლევიან ინტერესების რეალიზაციის მაღალ ალბათობას, ან/და კონცეფცია არ უზრუნველყოფს მიზნების მიღწევას, ან/და არასაკმარისია რესურსები, ითვლება რომ სტრატეგია არ არის დაბალანსებული და ამ შემთხვევაში ან უსაფრთხოების მთლიანი განტოლება არის გადასახედი, ან უნდა დაუშვათ მაღალი რისკის ალბათობა.
თუკი ნაციონალურ დონეზე გადაწყდება რომ რისკის დონე მიუღებელია მაშინ სამი გზა არსებობს:
- შემცირდეს (მოიხსნას) ამოცანა;
- შეიცვალოს კონცეფცია;
- გაიზარდოს რესურსები;
პროცესის გრაფიკულად მოდელი ასე შეიძლება გამოიყურებოდეს (იხ. სქემა №1)
როგორც ჩვენ მიერ მოცემული მსჯელობიდან ჩანს, ეფექტიანი, მოქმედი და რაციონალური ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებას საკმაო დრო და ძალისხმევა სჭირდება. გარდა იმისა, რომ არსებული კანონმდებლობა არ მოიაზრებს ამგვარი დოკუმენტის არსებობას, ჩვენს შემთხვევაში კითხვები, რომელიც დღეს უნდა დავსვათ მდგომარეობს შემდეგში: სჭირდება კი დღეს საქართველოს სახელმწიფოს მისი ბიუროკრატიული და ინსტიტუციონალური რეალობიდან გამომდინარე ამდაგვარ დოკუმენტზე მუშაობა?! რამდენად აქვს უნარი სახელმწიფოს წარმატებით მოახდინოს სტრატეგიის ჯერ შემუშავება და მერე მისი იმპლემენტაცია?! ხომ არ ჯობია ქართული რეალობისა და სტრატეგიული კულტურის (რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია) პირობებში კონცეპტუალური დოკუმენტების უფრო სწრაფი და მარტივი შემუშავებისა და იმპლემენტაციის გზა იქნეს არჩეული, რათა არ შეიქნას დოკუმენტი დოკუმენტისთვის, არამედ მოხდეს რეალურად დასახული მიზნების რეალიზება ეროვნულ უსაფრთხოებასთან მიმართებაში ?!
სწორედ ამ კითხვებისა და ზემოთ აღწერილი პროცესების გააზრება და შესაბამისი პასუხების მიღება იქნება აუცილებელი, ვიდრე ქვეყნის პირველი პირები გააკეთებენ მოწოდებებს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე ქვეყანაში.
წყაროები:
- MackubinThomasOwens, “StrategyandtheStrategicWayofThinking,” NavalWarCollegeReview, Vol. 60, No. 4, Autumn 2007, p. 111.
- Thomas P. Reilly, “TheNationalSecurityStrategyoftheUnitedStates: DevelopmentofGrandStrategy,” U.S. ArmyWarCollegeStrategyResearch Project, Carlisle, PA, May 3, 2004, p. 14.
- Don M. Snider, TheNationalSecurityStrategy: DocumentingStrategicVision, Carlisle, PA: StrategicStudiesInstitute, U.S. ArmyWarCollege, March 15, 1995, p. 2.
- WalterLippmann, S. ForeignPolicy: ShieldoftheRepublic, Boston, MA: LittleBrown, 1943, p. 51, asquotedinWolfers, p. 484.
- გიორგი გოგაშვილი, „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების დასავლური გამოცდილება და ქართული რეალობა“; ჟურნალი „სტრატეგიული კვლევები“ № 2, გამომცემლობა „აკადემიური წიგნი“, თბილისი 2009, გვ-67.
- Thomas G. Mahnken, “UnitedStatesStrategicCulture,” ScienceApplicationsInternationalCorporationReport, ContractNo: DTRA01-03-D-0017, TechnicalInstruction 18-06-02, revisedNovember 13, 2006, McLean, VA, ScienceApplicationsInternationalCorporation (SAIC), p. 4.
- Richard K. Betts, “U.S. NationalSecurityStrategy: LensesandLandmarks,” paperpresentedforthelaunchconferenceofthePrinceton Project “Toward a NewNationalSecurityStrategy,” November 2004, p. 7.
- გიორგი გოგაშვილი, „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების დასავლური გამოცდილება და ქართული რეალობა“; ჟურნალი „სტრატეგიული კვლევები“ № 2, გამომცემლობა „აკადემიური წიგნი“, თბილისი 2009, გვ-65.
- Charles M. Fergusson, Jr., “StatecraftandMilitaryForce,” MilitaryReview, No. 46, February 1966, p. 70, asreferencedinDeibel, p. 19.
- John K. Bartolotto, “TheOriginoftheDevelopmentalProcessoftheNationalSecurityStrategy,” U.S. ArmyWarCollegeStrategyResearch Project, Carlisle, PA, May 3, 2004, p. 6.
- გიორგი გოგაშვილი, „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების დასავლური გამოცდილება და ქართული რეალობა“; ჟურნალი „სტრატეგიული კვლევები“ № 2, გამომცემლობა „აკადემიური წიგნი“, თბილისი 2009, გვ-66.
- Richard K. Betts, “IsStrategyanIllusion?” InternationalSecurity, No. 25, Fall 2000, p. 6,
- Andrew F. KrepinevichandBarry D. Watts, RegainingStrategicCompetence: StrategyfortheLongHaul, Washington, DC: CenterforStrategicandBudgetaryAssessments, 2009, p. 33. გიორგი გოგაშვილი, „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების დასავლური გამოცდილება და ქართული რეალობა“; ჟურნალი „სტრატეგიული კვლევები“ № 2, გამომცემლობა „აკადემიური წიგნი“, თბილისი 2009, გვ-82
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.
ავტორი: გიორგი ანთაძე
პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტი