ეროვნული თანხმობა - პრეზიდენტის ინიციატივის განხილვა

გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს. ყოფილი პრეზიდენტი წინამორბედს ვლადიმერ პუტინის პატიმრად მიიჩნევს და მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრის ფორმატის ორგანიზებას ითხოვს. პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების დროებით შეჩერება – ასე წარმოუდგენია ეროვნული თანხმობის მიღწევა მარგველაშვილს, რომელიც დღეს გორის ჰოსპიტალში მივიდა და სააკაშვილს შეხვდა. არცთუ შორეულ წარსულში რადაკალურად განსხვავებულ პოზიციებზე მყოფი ექს-პრეზიდენტები უკვე დღეს ერთმანეთს საჯაროდ აქებენ. მეტიც, სააკაშვილი ახლა სწორედ მარგველაშვილსა და ზურაბიშვილში ხედავს ისტორიული მისიის შემსრულებლებს. ეროვნული თანხმობისკენ გზა პოლიტიკოსების საქმეების შეწყვეტაზე გადის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვისაც, რომელმაც საკუთარი წინადადებები პრეზიდენტს დღეს პირადად გააცნო. თუმცა, ოპოზიციის დიდ ნაწილს სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული პროცესი, მისი შედეგი და ვადებიც სულ სხვანაირად ესახება.