ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადება
ტემპერატურის მატების ფონზე ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, სახელმწიფო ტყის ტერიტორიებზე გადაადგილებისას სიფრთხილე გამოიჩინონ და სახანძრო უსაფრთხოების წესები დაიცვან. სააგენტოს ცნობით, ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანთა დაუდევრობაა. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში, დამზადების ნარჩენებისგან გაუწმენდავ ტყე-კაფებში და გამხმარ ბალახიან ტერიტორიებზე. ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც ხანძარი ან მისი გავრცელება მოჰყვება, გამოიწვევს 300-დან 500 ლარამდე ჯარიმას. ხოლო ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონმდებლობა ოთხიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.