ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადება
ზაფხულში ტემპერატურის მატებისას ტყეში ხანძრების გაჩენის გაზრდილი რისკის გამო, გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, ტყეში გადაადგილების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და დაემორჩილონ დადგენილ აკრძალვებს.
ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში, დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარ ბალახიან ადგილებში. ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კი კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის ბაქანის წინასწარი მოწყობის შემთხვევებში.
ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება მოჰყვება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად – გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500-ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე.