ექვსი წელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დღეს გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 6 წელი შესრულდა. თეა ახვლედიანმა გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა. გიგა ოთხოზორია ე.წ.-მა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.