ექსკურსიაზე უსაფრთხოდ გადაყვანის წესები

დეპუტატებს შორის უთანხმოება გამოიწვია სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციების კანონ-პროექტმა.

„ქართული ოცნების“ ექვსი დეპუტატის მიერ მომზადებულ პროექტს, მმართველ გუნდშიც რამდენიმე მოწინააღმდეგე ჰყავს. კანონმდებლების ნაწილის აზრით, დოკუმენტში გაწერილი სტანდარტები და მოთხოვნები ექსკურსიებს გააძვირებს, მძღოლების მოძიებას კი გაართულებს. ორ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მძღოლები ვალდებულები ხდებიან, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ასევე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარადგინონ. მძღოლი პროექტით მოთხოვნილ სხვა კრიტერიუმებსაც უნდა აკმაყოფილებდეს.

ცალკე მოთხოვნებია გაწერილი უშუალოდ იმ ტრანსპორტის ტექნიკურ მონაცემებთან დაკავშირებით, რომელმაც მოსწავლეები კონკრეტულ ადგილზე უნდა გადაიყვანოს. სასკოლო ექსკურსიების კანონით დარეგულირების აუცილებლობა, ბოლო წლებში მომხდარმა უბედურმა შემთხვევებმა და ავარიების მძიმე სტატისტიკამ დააყენა.