ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრზე თავდასხმის გამო დაკავებული პირისთვის, პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირისთვის, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

გამოძიების ინფორმაციით, 17 იანვარს, ალექსანდრე კვახაძეს ნაცნობმა ჯერ შეხვედრა, შემდეგ კი 600 ლარი სთხოვა. უარის მიღების შედეგ, ნაციონალური მოძრაობის წევრს მისმა ნაცნობმა მეგობართან ერთად, ონლაინ სესხის აღება ან ტელეფონის ლომბარდში ჩაბარებაც მოსთხოვა. კიდევ ერთ უარს კი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა.

კვახაძის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. საქმეზე ბრალდებული 19 იანვარს თბილისში აიყვანეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს.

წარდგენილი ბრალდება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.