ემანუელ მაკრონმა ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს პარიზში გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ღონისძიების თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია. სამიტის მთავარი თემებია: მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები. „ინდუსტრიული აქტორების დინამიზმი, ამ სფეროს გაზრდილი სამოქალაქო და სამხედრო ორმაგი დანიშნულება და გამწვავებული კონკურენცია მოითხოვს კოორდინირებულ მოქმედებას, რათა სრულად მოხდეს მისი ტექნოლოგიური პოტენციალის რეალიზება და კოსმოსური ეკონომიკის მდგრადი და პასუხისმგებლიანი განვითარების დაჩქარება. სამიტი შექმნის შესაძლებლობას, ხაზი გაესვას დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას არა მხოლოდ სახელმწიფოებს, არამედ კომპანიებსა და მრავალმხრივ აქტორებს შორის“ – წერს მაკრონი საქართველოს პრემიერ მინისტრს. „მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და სიამოვნებით გიმასპინძლებთ პარიზში 2026 წლის სექტემბერში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მიიღეთ ჩემი უღრმესი პატივისცემა“, – აღნიშნულია ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისგან, ემანუელ მაკრონისგან მიიღო.