ელისაშვილის სასამართლო 

18:35, 13.10.2026

ალეკო ელისაშვილის პროცესი, სააპელაციო სასამართლოში, 17 ნოემბრისთვის გადაიდო. დღეს ელისაშვილის ადვოკატებმა კოლეგიის თავმჯდომარის აცილების შუამდგომლობა იმ არგუმენტით დააყენეს, რომ სუს-ის უფროსის მოადგილე იყო და ობიექტური ვერ იქნებოდა. მოითხოვეს ასევე პროკურორ ანი ხუბეჯიშვილის საქმიდან აცილება, თუმცა არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა ადვოკატების ერთი შუამდგომლობა, რომელიც შემდგომ სხდომაზე საკუთარ დასკვნასთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის სტატუსით სახალხო დამცველის წარმომადგენელის დაკითხვას გულისხმობს. სასამართლოზე განცხადება, ალეკო ელისაშვილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ცეცხლი უსამართლობისთვის უნდა წაეკიდებინა და წუხს, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო. პროკურორმა ეს ელისაშვილის აღიარებად მიიჩნია. ადვოკატებმა კი განაცხადეს, რომ საქმე არა ტერორისტული აქტის მცდელობასთან, არამედ სხვისი ნივთის დაზიანებასთან გვაქვს და მათი თქმით, ამას საერთაშორისო გამჭვირვალობის და სახალხო დამცველის დასკვნები ადასტურებს. ადვოკატები მძიმე მუხლის შეცვლას, რომლითაც ელისაშვილს 13 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, მსუბუქი მუხლით – სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ითხოვენ, რაც ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

 

 

მსგავსი