ელენე ხოშტარიას დაკავება - შეფასებები

ელენე ხოშტარიას ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. მანამდე კი, მისი დაკავება შეფასებების თემაა. ოპოზიციის ნაწილი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს, ნაწილი კი პოლიტიკურ პერფორმანსად თავად ელენე ხოშტარიას ქმედებას მიიჩნევს. დაკავებას ეხმაურებიან მმართველ გუნდშიც, სადაც ამბობენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია სამართალდამცველებმა საკუთარ სახლთან აიყვანეს. მას გამოძიება „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერების დაზიანებას ედავება. შსს-ში აცხადებენ, რომ ზარალის ზუსტი ოდენობა ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.