ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი შედეგებით, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან ხმათა 47.38 პროცენტი მიიღო. მისმა მოწინააღმდეგემ ალხას კვიცინიამ კი 46.19 პროცენტი.

დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სხვაობა ათასამდე ხმას შეადგენს. რაულ ხაჯიმბამ თავი გამარჯვებულად პირველადი შედეგების გამოვლენამდე, საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით გამოაცხადა და მხარდამჭერებთან ერთად, საარჩევნო შტაბში აღნიშნა.

შედეგებს არ ეთანხმება ალხას კვიცინია და გასაჩივრებას გეგმავს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე სულ 152 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე 83 ათასამდე ადამიანი მივიდა.