„ქოლცენტრების საქმე“

ე.წ თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ალბანეთის მოქალაქეს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიესაჯა. აღნიშნული პირი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი მრავალეპიზოდიანი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში იძებნებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ის აღნიშნულ დაჯგუფებაში მაღალ პოზიციას იკავებდა და 50-ზე მეტი პირისგან შემდგარ ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გერმანიის მხოლოდ ბავარიის მიწის ტერიტორიაზე მცხოვრებ, იდენტიფიცირებულ დაზარალებულთა რაოდენობა 1 000 პირს აჭარბებს, ხოლო მიყენებული ზიანის ოდენობა 42 მილიონ ევროზე მეტია.

საქართველოს პროკურატურა დაკავებული პირის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის მიზნით, შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.