ძიუდოს ფედერაციის პასუხი ჭრიკიშვილს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ავთანდილ ჭრიკიშვილის ბრალდებებს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული წერილით უპასუხა.

ჭრიკიშვილმა ფედერაცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლას ის იმსახურებს და იჩაგრება იმის გამო, რომ დავით ქევხიშვილს და მის გუნდს დაუპირისპირდა. მისი თქმით, დღეს ძიუდოს ფედერაცია კვლავ დავით ქევხიშვილის მიერ იმართება, რომელიც მიკერძოებულად ცდილობს მისი ბედის გადაწყვეტას.

ძიუდოს ფედერაციის საპასუხო წერილში ნათქვამია: „მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით ნაკრები გუნდის ჩამოყალიბებისა და დაკომპლექტების მიზნით ნაკრები გუნდის მწვრთნელებს დაევალათ ურთიერთშეთანხმებით წარმოადგინონ ნაკრები გუნდის დაკომპლექტების ხედვა, რაც მათი მხრიდან დღემდე არ არის შემოტანილი და ბუნებრივია, ჩვენის მხრიდან რაიმე ტიპის განცხადების გაკეთება არ იქნება მიზანშეწონილი”.