ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამა იმერეთში
იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 15 ძაღლი ჰიპერპოპულაციის მართვის ეკიპაჟებმა თერჯოლაში გადაიყვანეს. ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 42 ძაღლიდან 15-ს ოფიციალურად გამოუჩნდა მზრუნველობის ქვეშ აყვანის მსურველი. დადგინდა, რომ მიმკედლებელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში აქვს შესაბამისი სივრცე, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, რაც ითვალისწინებს ცხოველის იზოლაციას, ადამიანებთან და სხვა ცხოველებთან კონტაქტის შეზღუდვას. უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ძაღლები თავშესაფრიდან მიმკედლებელთან გადაიყვანეს, სადაც ექვსთვიანი ზედამხედველობა მიმკედლებლის პასუხისმგებლობით დაწესდება.
22 მაისის მონაცემებით, იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში 27 ძაღლი რჩება. ამ ეტაპზე განიხილება ძაღლების მიკედლების მსურველი კიდევ ერთი პირის განცხადება. სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა მოყვარულებს, იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში დაკვირვების ქვეშ მყოფ ძაღლებს დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გადასცემს.