დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო

ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო. ორგანიზაციის ცნობით, მასში გაწევრიანებულები არიან რუსი აქტივისტები, სამხედროები და პარტიზანები, რომლებიც პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან. ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, ისინი უკრაინაში ომის წინააღმდეგი არიან. ორგანიზაცია საკუთარ მიზნად პუტინის განადგურებას ასახელებს. განცხადებაში ასევე აფრთხილებენ ყველა რუს ჩინოსანს, რომ თუ ისინი არ დათმობენ ძალაუფლებას, მათაც „განადგურება ელოდებათ“. „ნაციონალური რესპუბლიკური არმია“ ასევე აცხადებს, რომ მზადაა, სამხედრო ტვირთები გაანადგუროს რუსეთის ტერიტორიაზე. მათ ასევე მოუწოდეს ძალოვნებს და სამხედროებს, დაყარონ იარაღი და არ შეასრულონ პუტინის რეჟიმის ბრძანებები.