დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა

ჩინეთსა და აშშ-ს შორის ტარიფების ომი დაწყებულია.

დღეიდან დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთის იმპორტზე დაწესებული 10%-იანი გადასახადი ძალაში შევიდა, რის შემდეგაც პეკინმა საპასუხო ზომების გამოცხადება არ დააყოვნა. ტარიფების ამოქმედების პარალელურად, დონალდ ტრამპი ჩინეთთან მოლაპარაკებებს აანონსებს. შტატებთან დიალოგის მოლოდინი აქვს ჩინეთსაც. ოფიციალური პეკინის პოზიციაა, რომ სავაჭრო ომით სარგებელს ვერავინ მიიღებს. მოსალოდნელია, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ერთმანეთს 18 თებერვალს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის ფარგლებში შეხვდებიან. ჩინეთთან სავაჭრო დაპირისპირების ფონზე, დონალდ ტრამპმა ერთი თვით გადაავადა ტარიფები მექსიკასა და კანადასთან მიმართებაში. ამ ქვეყნების ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტი ტარიფების ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე ტელეფონით რამდენჯერმე ესაუბრა, რა დროსაც საზღვრის დაცვის დაპირება მიიღო. აშშ-სთან სავაჭრო ომისთვის ემზადება ევროკავშირიც, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრები ტარიფების მოსალოდნელი დაწესების შესახებ მსჯელობენ.