100-წუთიანი სიტყვით გამოსვლა კონგრესში – დონალდ ტრამპმა ამერიკის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს პირველად მიმართა.
„ამერიკული ოცნება ძალას იკრებს – უფრო მეტად ვიდრე ოდესმე“ – ასე შეაფასა შტატების 47-ე პრეზიდენტმა მისი ადმინისტრაციის 43-დღიანი მუშაობა და თქვა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. საკმაოდ ვრცელ სიტყვაში, ტრამპმა ისევ მწვავედ გააკრიტიკა წინამორბედი ადმინისტრაცია, ასევე ევროპელი მოკავშირეები. სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე, უკრაინის პრეზიდენტის პოსტიც წაიკითხა, სადაც წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე მზადყოფნა იყო გამოთქმული და კონგრესმენებს განუცხადა, რომ რუსეთი მზად არის მშვიდობისთვის. დონალდ ტრამპმა დიდი დრო დაუთმო კრიმინალზე საუბარს და პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევაში სიკვდილით დასჯის ინიციატივით გამოვიდა. აქცენტი გაკეთდა საიმიგრაციო პოლიტიკაზეც. სატარიფო პოლიტიკაზე საუბრისას, კი არაერთ ქვეყანას ორი აპრილიდან საპასუხო გადასახადების დაწესება დაუანონსა. „ამერიკის ოქროს ხანა ეს-ესაა დაიწყო“, – ასე დაასრულა ტრამპმა სიტყვით გამოსვლა, რომლესაც დემოკრატი კონგრესმენები კრიტიკული შეძახილებითა და სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო ტრანსპარანტებით ისმენდნენ.