დონალდ ტრამპის ინტერვიუ

აშშ-ის ახალ პრეზიდენტს „ფოქს ნიუსთან“ პირველი ოფიციალური ინტერვიუ ჰქონდა ოვალური კაბინეტიდან. დონალდ ტრამპმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, მათ შორის მიგრაციაზე, „ტიკ-ტოკზე“ და ჯო ბაიდენის მიერ ოჯახის წევრების შეწყალებაზე. დონალდ ტრამპის თქმით, თანამდებობაზე ზედიზედ ორი ვადის მოპოვება რომ ვერ შეძლო, აჩვენა, რომ რადიკალი მემარცხენეების ფილოსოფია და პოლიტიკა საშინელებაა. დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ სამუშაო ძალიან ბევრია, თუმცა ყველაფერი მოგვარებადია. მისივე თქმით, არჩევნებში რომ არ გაემარჯვა, ქვეყანა სამუდამოდ დაიკარგებოდა. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ჯო ბაიდენის მიერ ოჯახის წევრების წინასწარ შეწყალებაზე. ასევე მის მიმართ აღძრულ საქმეებზე და თქვა, რომ ოთხწლიანი ჯოჯოხეთი გაიარა, დახარჯა მილიონობით დოლარი და გაიმარჯვა. ჟურნალისტის კითხვაზე, სურს თუ არა რომ კონგრესმა გამოიძიოს მისი წინამორბედის, ანუ ჯო ბაიდენის საქმეები, ტრამპის თქმით, ეს კონგრესმა უნდა გადაწყვიტოს. თუმცა აღნიშნა ისიც, რომ 2016 წელს, ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ შეეძლო ამის გაკეთება.