მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ წუთებში კაპიტოლიუმის შენობისკენ არის მიმართული. აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია იწყება.
დონალდ ტრამპი ფიცის დასადებად ემზადება. ცერემონიას 2 600-მდე ადამიანი ესწრება. მათ შორისაა რამდენიმე ქვეყნის ლიდერი, რომლებიც ტრამპმა პირადად მიიწვია. სტუმრებს შორის იქნებიან ამერიკის ყოფილი პრეზიდენტებიც. საინაუგურაციო ღონისძიება, როგორც წესი, ღია ცის ქვეშ, კაპიტოლიუმის გარეთ უნდა გამართულიყო, თუმცა უამინდობის და ძლიერი ყინვის გამო ცერემონია შენობის შიგნით ჩატარდება, ისევე როგორც 40 წლის წინ, რონალდ რეიგანის მიერ ფიცის დადების დროს. კაპიტოლიუმი უმასპინძლებს აღლუმს, საზეიმო მიღებას და ინაუგურაციის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება. აშშ-ის დედაქალაქში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. მობილიზებულია 25 000-ზე მეტი სამართალდამცველი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წინაშე ფიცს ჯერ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, შემდეგ კი პრეზიდენტი დადებს. ახლა ყველა განსაკუთრებული ინტერესით ელოდება საინაუგურაციო სიტყვას, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტი მოქალაქეებს მიმართავს. რა რეფორმების გატარებას აპირებს ქვეყანაში, როგორ ესახება უკრაინის ომის დასრულება და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება ახლო აღმოსავლეთში, რა გზებით გეგმავს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას, წინა პრეზიდენტის მიერ მიღებული რა ბრძანებულებების გაუქმება იგეგმება და რას გულისხმობს ტრამპი წარუმატებელი და კორუმპირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის დასრულებაში, რაზეც ინაუგურაციამდე საათებით ადრე ისაუბრა – ბუნებრივია, საინაუგურაციო სიტყვის დროს გაჟღერდება ის მთავარი გზავნილები, რომლებიც ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ გაისმა.
რა გეგმებით და პრიორიტეტებით ბრუნდება დონალდ ტრამპი თეთრ სახლში – პრეზიდენტობის პირველი ვადის ამოწურვიდან დღემდე განვლილი გზა საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა.
სისხლის სამართლის საქმეები, ბრალდებულის და მსჯავრდებულის სტატუსი, ორი თავდასხმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მკვლელობის მცდელობა, რამაც არჩევნების ბედი გადაწყვიტა – ნოემბერში „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა არჩევნებამდე სამი თვით ადრე შეცვლილი „დემოკრატი“ მეტოქე, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ყველა მერყევ შტატში დაამარცხა და საარჩევნო კოლეგიის ჯამში 312 ხმით აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა. ახლა კონგრესის ორივე პალატას „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ. ტრამპი კაპიტოლიუმის შენობაში ცოტა ხნის წინ თეთრი სახლიდან მივიდა, სადაც მას მეუღლესთან ერთად ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ჩაიზე უმასპინძლეს, რაც აშშ-ის მრავალწლიანი ტრადიციაა. მანამდე კი ტრამპი წმინდა იოანეს ეკლესიაში წირვას დაესწრო.
რა შინაარსის იქნება საინაუგურაციო მიმართვა და რა საკითხებზე გაამახვილებს ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ფიცის დადების შემდეგ ყურადღებას – ქეთი ჩოხელი განაგრძობს პირდაპირ ეთერში საუბარს