რამდენიმე საათი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე. დონალდ ტრამპი ფიცს ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დადებს და მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. ცერემონიისთვის ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. უსაფრთხოების ზომები ამ დროს ტრადიციულად მაქსიმალურადაა გამკაცრებული. თუმცა, ტრამპის მკვლელობის ორი მცდელობის, ახალ ორლეანში ტერორისტული თავდასხმის, ლას ვეგასში ტრამპის სასტუმროსთან მანქანის აფეთქებისა და გლობალური კონფლიქტების გამო, ამჯერად პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უპრეცედენტო ზომებია მიღებული.
20 იანვარს ვაშინგტონში მობილიზებული იქნება 25 ათასზე მეტი სამართალდამცველი. მათ შორის ეროვნული გვარდია, საიდუმლო სამსახურის, კაპიტოლიუმისა და ვაშინგტონის პოლიცია, ფედერალური საგამოძიებო ბიურო აგენტები და აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები. ასევე ავიაცია, ვერტმფრენები და სანაპირო დაცვის ხომალდები. უკვე ცნობილია, რომ ვაშინგტონში მოსალოდნელი ყინვის გამო აშშ-ი 47-ე პრეზიდენტი ფიცს კაპიტოლიუმის შენობაში დადებს. ასეთი რამ ბოლოს, 1985 წელს, რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დროს მოხდა. ტრამპი აცხადებს, რომ საკუთარ საპრეზიდენტო ვადაში რეკორდული რაოდენობის ბრძანებულების ხელმოწერას გეგმავს.
რა გზა გაიარა „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა თეთრ სახლში დასაბრუნებლად და რა გეგმები აქვს მას – ლევან ახალაიას რეპორტაჟი.