დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა 2026 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე ჩავიდეს, რომელსაც აშშ მასპინძლობს. განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში საფეხბურთო ჩემპიონატისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს აჩვენა ალასკაზე აშშ-ისა და რუსეთის სამიტზე გადაღებული ფოტო, სადაც ის პუტინთან ერთად არის აღბეჭდილი. ტრამპის განცხადებით, პუტინს შეუძლია, ჩამოვიდეს ან საერთოდ არ ჩამოვიდეს – იმის მიხედვით, როგორ განვითარდება მოვლენები. მისი თქმით, უახლოეს რამდენიმე კვირაში ბევრი რამ მოხდება. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2026 წელს აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება. რუსეთის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირებში 2022 წლის თებერვლიდან ვეღარ მონაწილეობს.