დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტია

ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ფიცის დადებისთანავე, პრეზიდენტობის პირველივე საათებში, დონალდ ტრამპმა უკვე გამოსცა ასზე მეტი აღმასრულებელი განკარგულება. ერთ-ერთი ბრძანებით, ტრამპმა კაპიტოლიუმის მოვლენებში მონაწილე 1 600-მდე პირი შეიწყალა, რაც მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ასევე შეიქმნა „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი“. სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ მიღებული განკარგულებით, ამიერიდან ქვეყანაში ოფიციალურ დოკუმენტებში მხოლოდ ორი სქესი ჩაიწერება – მდედრობითი და მამრობითი.

ასევე გაუქმდება ყველა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დაკავშირებული იყო გენდერულ იდეოლოგიასთან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საგარეო პოლიტიკის კუთხით, ტრამპმა დაიწყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლის პროცედურები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის მიზეზად მან „კოვიდ-19“-ის პანდემიისა და ჯანდაცვის სხვა გლობალური კრიზისების არასწორი მართვა დაასახელა. მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით, მან ერთ-ერთი განკარგულებით გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა სამხრეთ საზღვარზე. ასევე, ტრამპის ბრძანებით, ამერიკაში დაბადებული ბავშვები ავტომატურად მოქალაქეები ვეღარ გახდებიან. დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებასაც, რომელიც დროებით შეაჩერებს „ტიკტოკის“ აკრძალვის ძალაში შესვლას. აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას აშშ-ს საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერების შესახებ, შემოწმების ჩატარებამდე, რათა განისაზღვროს, შეესაბამება თუ არა ეს პროგრამები მის პოლიტიკურ მიზნებს. ადმინისტრაციული რეფორმების ფარგლებში ტრამპმა გააუქმა ბაიდენის ადმინისტრაციის 78 აღმასრულებელი აქტი. მოგვიანებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განიხილა პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობა.