ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი 

ბაიდენისა და პუტინის ონლაინ-შეხვედრის პარალელურად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი განიხილება შვეიცარიაში.

ჟენევაში მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი იწყება. ქართული დელეგაციის დღის წესრიგის მთავარი თემა ოკუპირებულ რეგიონებში დამძიმებული ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ორი წლის წინ ჩაკეტილ ე.წ. გადასასვლელებზე, რომლებმაც პანდემიის ფონზე ადგილზე არსებული ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. მოლაპარაკებების 55-ე რაუნდს წინ არაერთი მნიშვნელოვანი გზავნილი და ფაქტორი უძღოდა. საუბარია წინა კვირას ეუთო-ს მინისტერიალზე მიღებულ 18-პუნქტიან განცხადებაზე, სადაც სწორედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამო მოსკოვის მიმართ მკაფიო მოწოდებები და მოთხოვნებია გაწერილი. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კი გუშინ პირდაპირ თქვა, რომ საჭიროა პროგრესი და მეტი შედეგი ჟენევის მოლაპარაკებებზე.