ჟენევის მოლაპარაკებების 57-ე რაუნდი

უშედეგოდ დასრულებული კიდევ ერთი რაუნდი ჟენევაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აფხაზეთის და ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლებთან ერთად მოლაპარაკებათა მაგიდა დროზე ადრე დატოვა. უკვე კარგად ცნობილ ტაქტიკას შეხვედრის მონაწილეებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც დღის წესრიგში დევნილების დაბრუნების საკითხი დადგა. ერთდროულად ორ, უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ჯგუფებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართული დელეგაცია რამდენიმე მოთხოვნით იყო წარმოდგენილი. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პუნქტების შესრულების გარდა იყო სხვა საკითხებიც, მათ შორის საოკუპაციო ხაზებთან გადაადგილების მხრივ დაწესებული შეზღუდვები – ამ მიმართულებით შესაძლოა გარკვეული პოზიტიური ძვრები იყოს მოსალოდნელი. ქართული დელეგაცია მოლაპარაკებათა 57-ე რაუნდს საკმაოდ რთულ შეხვედრად აცხადებს, თუმცა უკრაინის ომის და გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე საერთაშორისო პარტნიორების განსაკუთრებულ მხარდაჭერაზე მიუთითებს.